ევროპულ ეკონომიკას კლავს არა სანქციები, არამედ რუსეთის ჰიბრიდული ომი – უკრაინის საგარეო უწყება ვიქტორ ორბანს პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ მინისტრს ვიქტორ ორბანს პასუხობს და აცხადებს, რომ ევროპულ ეკონომიკას კლავს არა სანქციები, არამედ რუსეთის ჰიბრიდული ომი.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთვის“ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ სანქციები დაწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის პასუხად, რომელმაც უკვე ათობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ასობით ათასი ობიექტი გაანადგურა და მილიონობით ადამიანი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

„სანქციები ეხმარება აგრესორი სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი დანაშაულებისთვის, ასევე ომის გაგრძელების, მისი შესაძლებლობის შესუსტებას. ევროპულ ეკონომიკას კლავს არა სანქციები, არამედ რუსეთის ჰიბრიდული ომი“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, უნგრეთის პრემიერმა უნდა მოითხოვოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება კი არა, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად ეფექტიანი ნაბიჯების გაძლიერება.

„მნიშვნელოვანია, რომ სიმართლეს თვალებში ვუყუროთ: მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი ომის დაწყებასა და გაგრძელებაზე. მხოლოდ საერთო ძალსიხმევით და ერთიანობით, მისი იძულებით, აღადგინოს მშვიდობა, შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა, უნგრეთი და მთელი ევროპა დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, – აღნიშნავს ნიკოლენკო.

აღნიშნულ კონტექსტში, საგარეო უწყების სპიკერმა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის დაწესების დაჩქარებისკენ და სანქციების გვერდის ავლის გზების აღმოფხვრისკენ, ასევე უკრაინული არმიისთვის მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიმედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაახლა 2022 წელია, მსოფლიოს არც ერთი ქალაქი არტილერიის ტყვეობაში არ უნდა იყოს – ზელენსკი