კახა მიქაია: ქვეყანაში დემოკრატიის მაგივრად დიქტატურა დამყარდა

კახა მიქაია: “ოცნების” პოლიტსაბჭოში ბოკერიასა და სააკაშვილის ყოფნას ნუკრი ქანთარიასავით აღფრთოვანებით შევხვდებით”

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ხელისუფლებას მისი თანამებრძოლების დევნაში ადანაშაულებს. მიქაიას თქმით, მისი თანამებრძოლები
ფეისბუქზე პოლიტიკური აქტივობის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
კახა მიქაიას განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიის მაგივრად დიქტატურა დამყარდა, ევროპული მიმართულების ნაცვლად კი, საქართველომ სოციალისტური წარსულისკენ აიღო გეზი.
რა სკანდალურ ჩანაწერს ფლობენ “დაიცავი საქართველოს” წევრები, რა ხდება სამეგრელოში, რატომ გადაიქცა საქართველო სოციალისტურ რესპუბლიკად? ამის შესახებ კახა მიქაია “ახალ თაობას” ესაუბრება.

_ ჩემი თანამებრძოლები დათო სორდია, ალიკა გეთია, საშკა მოლაშხია დაკავებული თანამდებობიდან `საქართველოს ფოსტის~ გენერალურმა დირექტორმა, ჩიკვაიძემ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. ისინი ფეისბუქზე პოლიტიკური აქტივობის გამო დაისაჯნენ.
ჩვენ ხელთ გვაქვს აუდიო-ჩანაწერი, სადაც პირდაპირ ჩანს პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნები. ჩანაწერში ჩიკვაიძე აღიარებს, რომ მას დაავალეს სორდიას, გეთიასა და მოლაშხიას გათავისუფლება. ჩანაწერიდან ასევე ჩანს, რომ გადაწყვეტილება შეთანხმებულია არა “საქართველოს ფოსტის”, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან.
_ ხელისუფლებიდან ვის შეიძლებოდა გაეცა ასეთი განკარგულება?
_ ეჭვი მაქვს, რომ ამაში მონაწილეობენ მთავრობის მაღალჩინოსნები და სწორედ მათი გადაწყვეტილებაა ჩემი თანამებრძოლების გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან. ეს არის პოლიტიკური დისკრიმინაცია.
`ქართულმა ოცნებამ~ მიხელ სააკაშვილის გზა გააგრძელა. ესაა პირდაპირ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ამიტომ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
აუდიოჩანაწერი 2 მაისს საგანგებო პრესკონფერენციაზე გავასაჯაროე. აღნიშნულ ჩანაწერს გადავცემ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას და გავუგზავნი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მიიღოს შესაბამისი ზომები.
ჩემი თანამებრძოლების გათავისუფლება დაკავშირებულია ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოზიციასთან, რომელიც მაქვს ხელისუფლებასთან მიმართებაში. ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ჩიკვაიძის მხრიდან. ეს ის ხალხია, რომელიც ჩემთან ერთად ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას, პოლიტიკურ დისკრიმინაციას, უსამართლობას და იბრძოდა სიტყვის თავისუფლებისათვის. ეს ის ხალხია, რომელიც იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის დროს და მაშინ ხმას არ იღებდა არავინ, მათ შორის, არც ისინი, ვინც დღეს მოგვევლინნენ “ქართულ ოცნებაში”. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არ შეუშინდნენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს.
ნაციონალურ მოძრაობასა და `ქართულ ოცნებას~ შორის განსხვავება არ არის. ჩვენ ყველანი ისევ ვრჩებით ჩვენი იდეალებისა და პოლიტიკური მრწამსის ერთგულნი. ჩვენ არ მოვითმენთ ადამიანების უფლებების დარღვევას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკურ დისკრიმინაციას და ჩვენ ვიტყვით სიმართლეს.
_ თქვენს თანამებრძოლებს მაღალი თანამდებობები ეკავათ “საქართველოს ფოსტაში”?
_ საშკა მოლაშხია `საქართველოს ფოსტაში~ მონიტორინგის ჯგუფის ოფიცრად მუშაობდა; დავით სორდია _ სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის ქონების მართვის რეგიონალური ფილიალის კოორდინატორად; ალიკა გეთია კი _ `საქართველოს ფოსტის~ _ სერვისცენტრის მენეჯერად.
_ ჩვენი საზოგადოება ბოლო დროს აღარაფერზე რეაგირებს. თქვენი აზრით, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლებაზე მაინც თუ ექნებათ რეაქცია?
_ ჩვენი საზოგადოება იქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა სოციალისტური საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ ხომ ახლა სოციალისტურ საქართველოში ვცხოვრობთ.
საქართველოს ყველა ხელისუფლება და მათ შორის `ქართული ოცნებაც~ გაიძახოდნენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ევროპული გზა მხოლოდ ქაღალდებში უწერიათ, სინამდვილეში საბჭოთა წარსულისკენ მიგვაქანებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ევროპის ნაცვლად სოციალისტურ საქართველოში აღმოვჩნდით.
წიკვაკვავა თალაკვაძე, ნევედიმკა კობახიძე და ნუპაგადი მდინარაძე ნამდვილი კომკავშირლები არიან. მათ რომ ვუყურებ, ხანდახან იმაშიც მეპარება ეჭვი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა.
_ სოციალისტური საქართველო ახსენეთ და ეს დრო სხვებსაც მოაგონდათ. ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა. ექსპერტების აზრით, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, კომპარტიის თავმჯდომარე იყო ქვეყანაში მთავარი, ახლა `ოცნების~ თავმჯდომარე იქნება საქართველოში პირველი კაცი.
_ ივანიშვილი ისედაც მთავარი იყო ამ ქვეყანაში და ახლა ეს ოფიციალურად გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურდა რომ ევროპული ქვეყნის ნაცვლად, საბჭოთა საქართველო ავაშენეთ.
_ ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას ბევრი დიდი იმედით შეხვდა. იყო მოლოდინი, რომ ძირეულად შეიცვლებოდა `ოცნების~ პოლიტსაბჭო. მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ?
_ რას ვფიქრობ და ამის შესახებ იმ მიმართვაში მოგახსენებთ, რომლითაც მინდა ბიძინა ივანიშვილს თქვენი გაზეთით მივმართო.
როგორ გამიცრუვდა იმედები, ბატონო ბიძინა! თალაკვაძესთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან, ჩუგოშვილთან, სამხარაძესთან და მათ `უმფროს~, კალაძესთან ერთად, ახალ პოლტსაბჭოში რომ ვერ ვიხილე ვერც ზარდიაშვილი, ვერც მათიკაშვილი, ვერც მურუსიძე (საგანელიძესთან ტანდემში როგორ დაამშვენებდა ახალ პოლიტსაბჭოს), ვერც ოქრიაშვილი, ვერც, ვერც, ვერც…. მაგრამ არა უშავს, მთავარია, თქვენ ხართ ჩვენთან, სხვები ჯანდაბას, ოღონდ თქვენ არ დაგვტოვოთ, თქვენ არ მიგვაგდოთ უპატრონო ძაღლივით, თქვენ არ გაგვიცრუოთ საბოლოოდ იმედები და მომავალში, თავად ბოკერიასა და სააკაშვილის ყოფნასაც, პოლიტსაბჭოში, ნუკრი ქანთარიასავით ,,სიხარულით~ და ,,აღფრთოვანებით~ ავიტანთ და შევხვდებით!
მართალია, ამასწინათ თქვენმა წინასწარმეტყველმან, ტკბილმა და მურაბა მამამან ჩვენმან, გია ხუხაშვილმან იქადაგა, ,,კობახიძეს მალე ფეხებით გამოიტანენ კაბინეტიდან~-ო, მაგრამ თქვენ ხომ ყველა თქვენ წინასწარმეტყველზე შორს იჭვრიტებით და ყველაზე ახლოს ხედავთ შორეულ მომავალს… მომავალი კი, როგორც ერთმა ქართველმა თქვა _ ჩვენია, უფრო სწორად, ჯერ თქვენი და მერე ჩვენი.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთიდან გადმოსულ კონტრაბანდაზე, რომელმაც მასშტაბური სახე მიიღო.
_ სადაა სამეგრელოში კონტრაბანდა? ეს ყველაფერი მოგონილია. კვირიკაშვილის ძმადნაფიცის, სამეგრელოს გუბერნატორის, შონიას საუკუნის ფრაზამ _ `რომელი კონტრაბანდა, რატომ ეძახით კონტრაბანდას? რა, აფხაზეთი საქართველო არ არის?~ კონტრაბანდა დაასამარა.
იმ წუთიდან მოყოლებული, რაც გუბერნატორის განცხადება მედიაში გავიდა, აფხაზეთიდან გადმოსული ტვირთი, თუნდაც კონტრაბანდული, კონტრაბანდა არ არის, რადგან, როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთი საქართველოა! კონტრაბანდა დამარცხებულია, კონტრაბანდა შონიამ დაამარცხა და, აქედან გამომდინარე, კონტრაბანდით ნაშოვნი ფულიც კანონიერია და, შესაბამისად, არანაირ კორუფციასთანაც არ გვაქვს საქმე! ასე რომ, ყველაფერი კარგადაა. მეტიც, უკეთესს ვერც ინატრებს კაცი…
ახლა კი, მეგობრებო! შონიას ასპარეზი სჭირდება, შონია სამეგრელოს გუბერნატორად მართლაც საცოდაობაა, მან ახალი მწვერვალები უნდა დაიპყროს, მარტივი მიზეზის გამო _ სამეგრელოში კონტრაბანდისა და კორუფციის დამმარცხებელმა ახლა უკვე სრულიად საქართველოს მასშტაბით უნდა სცადოს ბედი, ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით და პოლიტიკაში მეორედ მოსულ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობ, შონია დაასახელოს ,,ქართული ოცნების~ საპრეზიდენტო კანდიდატად.
_ ხუმრობთ ხომ, ბატონო კახა? იმიტომ დაგისვით ეს კითხვა, რომ ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ სერიოზულად ამბობთ.
_ არაფერს არ ვხუმრობ. მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს შონია. კაცმა კონტრაბანდა დაამარცხა. მისი კანდიდატურის დასახელებით, ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების~ კატასტროფულად დაცემული რეიტინგიც სწრაფად აიწევს, არჩევნებს “ოცნება” ადვილად მოიგებს და, რაც მთავარია, შონიას ,,აღმოჩენის~ საფუძველზე, რომ აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსული ტვირთი კონტრაბანდული არ არის, შესაძლებელი გახდება კორუფციის საბოლოოდ დამარცხება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და იბერიის გაბრწყინება.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვა კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს
შემდეგი სტატიაარქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტში მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება