ევროპის უმაღლესი ორგანოების, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის კაბინეტების ხელმძღვანელები საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წერილს უგზავნიან

ევროპის უმაღლესი ორგანოების, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის კაბინეტების ხელმძღვანელები საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წერილს უგზავნიან.

ისინი ხაზს უსვამენ მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების აღმოჩენისა და მის მიმართ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ნორმების დაცვას. ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა მიხეილ სააკაშვილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

წერილში საგანგებოდ აღნიშნულია, რომ ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას.

მათ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო ბატონო მიხეილ, გმადლობთ 2021 წლის 14 ოქტომბრის წერილისთვის.

მივესალმებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თქვენს გადაყვანას და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას და გისურვებთ წარმატებულ გამოჯანმრთელებას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.

მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.

საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

პატივისცემით,

ევროპის კავშირის საბჭოს სახელით – ფრედერიკ ბერნარდი, პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი

ევროკომისიის სახელით – ბიორნ ზიბერტი, პრეზიდენ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია ავრცელებს ინფორმაციას, რა მიმართულებით იმოძრავებენ ახალი მიკროავტობუსები
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემას კიდევ ერთხელ ეხმაურება