ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი ალან დუნკანი 24 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა

ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი, 24-25 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა ვიზიტით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან მიხეილ ჯანელიძესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესიის გახსნის ცერემონია, რის შემდეგაც მინისტრები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას.

„უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში ასევე გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრა. სამუშაო სესიებზე საუბარი წარიმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე; ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე; კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი ეწვევა კრიზისების მართვის ცენტრს და მოინახულეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას. მინისტრი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას.

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი – „უორდროპის დიალოგი“ 2014 წელს დაფუძნდა, რომელიც ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება.

banner
წინა სტატიაში“ადმირალ კუზნეცოვს” ამერიკული მფრინავი-მზვერავი მიუახლოვდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საპარლამენტო ბიურომ ოლანდის იმპიჩმენტის ინიცირებაზე უარი განაცხადა