ევროპის საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა.
საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ბაირი (ავსტრია, SOC – სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.
პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.
პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.















