ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში ”კონფლიქტი საქართველოში” განიხილეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში ”კონფლიქტი საქართველოში” განიხილეს. ანგარიშის განხილვაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

როგორც ზალკალიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მისი გამოსვლა შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. მისივე თქმით, ყველა ის საკითხი, რომელზეც ყურადღება გაამახვილა, საუბარია ტორბიორნ იაგლანდის ანგარიშშიც.

”სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე დღეს გაიმართა კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა, რომელიც ეხება კონფლიქტებს საქართველოში. აღნიშნული ანგარიში ახდენს 2017 წლის მარტიდან სექტემბრამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე ამ პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მე ყურადღება გავამახვილე, საუბარია ამ ანგარიშშიც. საუბარია იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა გამძაფრებულია, რაც გამომდინარეობს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იხურება გამშვები პუნქტები, ასევე ეთნიკურ ნიადაგზე ხდება ქართველების დისკრედიტაცია, მშობლიურ ენაზე მათ ეზღუდებათ განათლების მიღება. ვისაუბრე ასევე კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებზე. კერძოდ, ერედვში ბოლო პერიოდში 300 ქართველის სახლი განადგურდა, რაზეც ასევე საუბარია კონსოლიდირებულ ანგარიშში. ვისაუბრე ბინადრობის მოწმობების გადაცემის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნის შესახებ, რომელიც არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს პოზიციას ჰქონდა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ყველა დელეგაციის მხრიდან, რომელიც სიტყვით გამოვიდა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საკომიტეტო სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა ძალიან მკაფიო, მკაცრი და დამგმობი განცხადება რუსეთის ქმედებების მიმართ.

”მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ ისინი არღვევენ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებას. მოუწოდეს მას, რომ დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. რუსეთის მიმართ იყო მოწოდება, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს არალეგალური სამხედრო დანაყოფები ამ ტერიტორიიდან, ასევე დაუყოვნებლივ დაუშვას საერთაშორისო თანამეგობრობა. ყველა დელეგაციის მხრიდან გქვონდა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იმ ინიციატივებთან მიმართებაში, რომელიც ეხება ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ნდობის აღდგენის კუთხით”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე პროცესებიც.

”პოზიტიურად იყო შეფასებული საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, კერძოდ, არჩევნები, რომელიც იყო გადადაგმული ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით, ასევე პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის დასკვნები საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური – ლარი მოძრაობს ისე, როგორც უნდა იმოძრაოს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელმა ეროვნულმა ვალუტამ
შემდეგი სტატიამე მივაღწევ რუსული ჩექმის საქართველოდან გაყვანას, თუ ამის მანდატს საქართველოს მოსახლეობა მომცემს