ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში, საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა. აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდებს, შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული დაკავებების, სანქციებისა და სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს დაუქვემდებაროს.
როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში და, გამოხატვის თავისუფლების მსგავსად, ასეთი საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს.
კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საკანონმდებლო და აღსრულების ზომებზე, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე მსუსხავ ეფექტს ახდენს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გადახედოს შესაბამის კანონმდებლობასა და პრაქტიკას და მოიყვანოს ისინი კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაპროპორციული და თვითნებური ადმინისტრაციული დაკავება/პატიმრობა და პასუხისმგებლობის დაკისრება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება, გადაჭარბებული სანქციები, და უზრუნველყოფილ იქნეს სამართალწარმოების საერთო სამართლიანობა; კომიტეტმა ხელისუფლებას შესაბამის მხარეებთან და ევროპის საბჭოს ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა
კომიტეტი მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დემონსტრაციების კონტექსტში ადმინისტრაციულ დაკავებებთან/პატიმრობებთან და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან, შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად;
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებაში აღნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს და მოუწოდეს ხელისუფლებას უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანი საქმიანობისათვის სრულად ხელშემწყობი გარემო, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამონიტორინგებენ შეკრებებს და მათ მონაწილეებს იურიდიულ დახმარებას უწევენ.















