ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა

news
ავტ.: news აპრილი 14, 2016 10:10

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიონ იაგლანდი საქართველოს 9 მაისს ეწვევა.

13 აპრილს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა, მიმდინარე წლის მაისში, გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისა და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს . მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას დაეთმო.

მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებზე.

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მსგავსი განზრახვები, ისევე როგორც, სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. “ხელშეკრულებები” და მათი იმპლემენტაციის პროცესი, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ქმედებას.

აუდიენციისას, საუბარი, ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტების თემაზე გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული მოხსენების პრაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების აუცილებლობას.

ამასთან, მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას.

გენერალურმა მდივანმა, ტორბიონ იაგლანდმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქართულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შედგება, წარმატებული იქნება.

news
ავტ.: news აპრილი 14, 2016 10:10