ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის საკითხებში დადებითად აფასებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს

2021 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მესამე შეფასების ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში ხაზგასმულია კონვენციის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს პროგრესი და დადებითად ფასდება ბოლო წლებში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, პროაქტიული გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები.

„GRETA“-მ პოზიტიურად შეაფასა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რაც მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის დანაშაულის პრაქტიკაში სწორი კვალიფიკაციისა და მისი გამოვლენის მიზნით მტკიცებულებების შეგროვების ხელშეწყობას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის გაძლიერება, რომლის მიზანიც სამართალწარმოების პროცესში დანაშაულის მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობის გამარტივება, ინფორმირება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებაა. ექსპერტთა ჯგუფი პოზიტიურად აღნიშნავს საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებასაც. ამავდროულად GRETA მიიჩნევს, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმეთა ეფექტური და სათანადო დაცვა.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გასაცნობად 2019 წლის 4-8 ნოემბერს იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინეს ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – არჩევნები რომ სამართლიანი იყო ყველამ იცის, მიხეილისა და გიგას გარდა
შემდეგი სტატიათიბისის სათაო ოფისის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა