ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების გამოთხოვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელებული ზეწოლის მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ამ მოთხოვნების მასშტაბი და აქტუალობა შემაშფოთებელია. ორგანიზაციებისგან დიდი რაოდენობით შიდა დოკუმენტაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების (სახელები, მისამართები, პირადობის მოწმობის ნომრები) გადაცემის მოთხოვნა ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომელთაგან ზოგიერთი მომსახურების მიმწოდებელია, არამედ მათ ბენეფიციარებსა და ახლო პარტნიორებზეც. ეს წარმოშობს თავსებადობის საკითხებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-8 მუხლთან, რომელიც იცავს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას, მათ შორის მონაცემთა დაცვას. ამ უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს მკაფიოდ გამართლებული, აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული,” – განაცხადა კომისარმა.
მაიკლ ო’ფლაერტი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უუნარობა უზრუნველყონ სამართლებრივი დაცვის საშუალება საქართველოს სასამართლოებიდან ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებების წინააღმდეგ, ასევე შეშფოთებას იწვევს.
როდესაც ამას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ თავდასხმებისა და ცილისწამების კამპანიების უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, როგორც ეს საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ მემორანდუმშია აღნიშნული, ამ კანონების გამოყენება კიდევ უფრო ამძაფრებს და აჩუმებს ადამიანის უფლებათა დამცველებს და სამოქალაქო საზოგადოებას.
როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლშია მითითებული, გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვები დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი და მათი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციების უუნარობა, უზრუნველყონ სამართლებრივი დაცვის საშუალება საქართველოს სასამართლოებიდან ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებების წინააღმდეგ, ასევე შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის გათვალისწინებით,” – დასძინა მან.
კომისარი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს დაასრულოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შევიწროებისა და დაშინების ყველა ფორმა.
სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებებს, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებები და დაასრულოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შევიწროებისა და დაშინების ყველა ფორმა,” – განაცხადა კომისარმა.
ცნობისთვის, ორი კვირის წინ, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში მომუშავე სულ მცირე რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ – რომელთაგან ბევრი ევროპის საბჭოსა და კომისრის დიდი ხნის პარტნიორია – მიიღო სასამართლო ბრძანებები, რომლებიც გაცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. ეს ბრძანებები ავალდებულებს მათ, მიაწოდონ ფართო სპექტრის ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ანტიკორუფციულ ბიუროს, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის, გრანტების შესახებ კანონისა და სხვა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების გამოძიების ფარგლებში.