უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა დიპლომატიური პერსპექტივები, ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები განიხილეს.
ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად აუცილებელია დასავლელ პარტნიორებთან ერთიანი პოზიციის ქონა.
„მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებში, რუსეთზე ზეწოლასა და მშვიდობასთან მიახლოებაში ყველა ნაბიჯი მაქსიმალურად კარგად იყოს მომზადებული და ჩვენს ძირითად პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებული. ჩვენი პოზიციაა, რომ ევროპა ჩართული უნდა იყოს დიპლომატიურ პროცესში და ევროპის ხმას წონა უნდა ჰქონდეს“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ მაკრონს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან მიმდინარე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შესახებ. მხარეებმა იმსჯელეს ამ იერიშების მოგერიების გზებზე და უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს ამ მიმართულებით საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი აქვს.















