ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა კვიპროსში გამართული მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მკაფიო განცხადება გააკეთა. კალასის თქმით, ევროპის ფუნდამენტურ ინტერესებში შედის, რომ რუსეთმა სამხედრო კონტინგენტი საქართველოდან და მოლდოვიდან გაიყვანოს.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დეტალურად ისაუბრა იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც პარტნიორებს ჯერ კიდევ თებერვალში წარუდგინა და რომელიც მოსკოვის მიმართ მკაცრ მოთხოვნებს აერთიანებს:
„როდესაც რუსულ ჯარებს ვხედავთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ნათელია — ევროპის ინტერესებში შედის, რომ ეს ჯარები იქ აღარ იყვნენ განლაგებული. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების წინაპირობაა. ასევე, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ევროპის მასშტაბით დივერსიული ოპერაციები, არჩევნებში ჩარევა და კიბერშეტევები“, — აღნიშნა კაია კალასმა.
კალასის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა საფუძვლიანად განიხილეს ის პირობები და დათმობები, რაც მოსკოვს უნდა წაეყენოს. მისივე თქმით, შეზღუდვები თავად რუსეთის არმიის სამხედრო შესაძლებლობებზეც უნდა დაწესდეს, ხოლო ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების სამართლებრივი აღიარება ბლოკის მხრიდან გამორიცხულია.















