ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ „ევროპელი დემოკრატების“ პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფცია „საგარეო უსაფრთხობის საშინაო განზომილების შესახებ“ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს.
„ის უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და გათვალისწინებული ფართო საზოგადოების მიერ, რათა ქვეყანა ამ რთულ პერიოდში, განვითარების სწორ გზაზე დადგეს“, – აღნიშნავს დავითაია.
“ევროპელი დემოკრატები“ ვიქტორ ყიფიანის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება – დანიშნულება და სპეციფიკა:
(პირველი წერილი)
პოსტ-ცივი ომის მსოფლიო „წესრიგი“ დღეს დიდი სახელმწიფოების კონკურენცია-დაპირისპირების განახლების ფაზაშია, რაც საშუალო და მცირე სახელმწიფოებზეც თანაბრად იგრძნობა. ერთი შეხედვით იქმნება წარმოდგენა, თითქოსდა ჩვენი დროის კონკურენცია-დაპირისპირების არსსა და დინამიკას ძირითადად ორი – სამხედრო და ეკონომიკური – ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი და ზედაპირული წარმოდგენაა. რეალურად კი ორივე ფაქტორის ქმედითობისა და ეფექტიანობის საძირკველს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სისტემის სტაბილურობა, საზოგადოების მიერ მისი მიმღებლობა, მასში სამართლიანი თანამონაწილეობა და არსებულ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა განსაზღვრავს.
თანამედროვე მსოფლიოში არაერთი მაგალითი მკაფიოდ მეტყველებს, რომ ქვეყნის ხელისუფლის თუ საზოგადოების მიერ საერთაშორისო გავლენის ტრადიციული და კლასიკური მიდგომით მხოლოდ საგარეო კომპონენტების ნაერთად მიჩნევა უკიდურესად ვიწრო წარმოდგენის შედეგია და მას (გამოუსწორებელ) შეცდომებამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, საგარეო აგრესიის, ინტერვენციისა და უცხო ძალთა მიერ ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში ჩარევის საფრთხე საკამათო არ არის, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ქვეყნის შიგნიდან მომდინარე მავნე და დესტრუქციული ზემოქმედება გარედან ასეთივე ხასიათის ზემოქმედებაზე მეტად თუ არა, არანაკლებ საშიშია..
მეტიც, საზოგადოებაში უსამართლობის განცდას, სახელმწიფო რესურსების არათანაბარ განაწილებას, პოლიტიკური, სოციალური თუ მრწამსის ნიშნით შერჩევითობას თუ ნებისმიერ სხვა დისბალანსს თუ უთანასწორობას ძალუძს გარეშე ფაქტორების პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პრაქტიკულად ნებისმიერი გეგმისა თუ ჩანაფიქრის ეფექტის გაათმაგება..
მანამ სანამ ჩვენთვის პრაქტიკული ინტერესის მქონე კერძო საკითხებზე გადავალთ, მიზანშეწონილია რამდენიმე საკვანძო, მეტად მოკლე აღნიშვნის გაკეთება. თითოეულ მათგანს საშინაო უსაფრთხოების (ისე როგორც მასთან დაკავშირებული საგარეო უსაფრთხოების) ახალ რეალობასთან მივყავართ:
(ა) 21-ე საუკუნის განვლილი პერიოდი დემოკრატიული პროცესისა და ინსტიტუტების ფრაგმენტაციის მაღალი ხარისხით ხასიათდება. არცთუ დაბალი ალბათობით, ეს პროცესი ახლო მომავალშიც გაგრძელდება;
(ბ) საბაზრო ეკონომიკის წამყვან აქტორებს – კორპორაციული სამყაროს წარმომადგენლებს შორის საგრძნობლად დაქვეითდა სოციალური პასუხისმგებლობის განცდა და ანგარიშგების მოვალეობა;
(გ) აქტივების დაგროვებისა და ზრდის პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის წარმოქმნილი ნაპრალი კვლავინდებურად ფართოვდება, რაც მძაფრი პოლიტიკური და სოციალური ქარტეხილების ერთ-ერთი მთავარი მკვებავია;
(დ) დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების „თავისთავად“ (for granted) მიჩნევა შესაძლოა საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს უფლებები და თავისუფლებები თავისთავად არ მოდიან და არ იკიდებენ ფეხს. ისინი მათ შენარჩუნებასა და სრულყოფაზე მუდმივ ზრუნვას, ხელშეწყობას და გაფრთხილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, თითოეული ერი ისეთ გარემოში აღმოაჩენს საკუთარ თავს, როგორსაც იგი იმსახურებს…
…სად „გაჩერდა“ დღეს ქართული სახელმწიფოებრივი განვითარება? რა უჭირს მის პოლიტიკურ კულტურას? რამ აქცია საკუთრივ ქართული საზოგადოება თავისივე კლიშეებისა თუ სისუსტეების მძევლად? ამ მხრივ რამდენიმე აუცილებელ აღნიშვნას მოვახდენ:
ქვეყნის შიგნით მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში გონივრული „ეტატიზმი“ – სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტრუქციული და ხელშემწყობი როლის გამოკვეთა აუცილებელია. ეს წაადგება როგორც ქვეყნის ევოლუციონირებას, ისე ნეგატიური მოვლენების (დემოკრატიულობის შელახვა და დაკნინება – რადიკალიზმი და პოპულიზმი – „მცოცავი“ ავტოკრატია) დროულ პრევენციას; ისევე როგორც სახელმწიფოსა და მის მოქალაქეს შორის სოლიდარობის განმტკიცებას, რაც ეროვნული უსაფრთხოებისათვის ესოდენ აუცილებელია;
სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოსათვის (welfare state) დამახასიათებელი ელემენტების დამკვიდრება კანონმდებლობასა („ჭკვიანი კანონები“) და პრაქტიკაში. სოციალური კეთილდღეობისა და სამართლიანობის პირობა, ისე როგორც გონივრული „ეტატიზმისა“, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი კონკურენტუნარიანობისა და ცვალებად საერთაშორისო გარემოებებთან ადაპტირების უნარიანობისათვის;
დემოკრატიულ პროცესში „ფეხის დაცურება“ არ არის შეუქცევადი, თუკი მას დროულად მიეშველები საჭირო ღიაობით, აზრთა გაცვლის, მოსმენისა და შესმენის კულტურით, თავისუფალი დებატის – ე.წ. „მოძრავი“ აზრის – სათანადო ამოქმედებით. ამავე დროს, ამ მიდგომიდან გადახვევა, ქვეყნის „კვაზი-დემოკრატიად“ ან „სანახევროდ თავისუფლად“ გადაქცევის მცდელობა აქვეითებს დემოკრატიულ პროცესში „ფეხის დაცურებისას“ შეშველების უნარს. საბოლოოდ კი, ეს ისევ და ისევ ქვეყნის გაუარესებულ საერთაშორისო პოზიციონირებასა და მის უსაფრთხოებაზე აისახება;
პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც თან სდევს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს და „შიგნიდან“ უწყობს ხელს უსაფრთხოებას. კონსენსუსის მიზანია შეიქმნას იმგვარი ვითარება, სადაც წარმომადგენლობითი ინსტიტუტებში – მათი რეალური ფუნქციონირების პირობით – უმრავლესობის ნება-სურვილიც სათანადოდ აღინიშნება და პოლიტიკური უმცირესობის უკმაყოფილებაც სათანადოდ რეალიზდება და „განიმუხტება“.
მეტიც, – უმრავლესობაში ყოფნის ფაქტორი როდი უდრის უმრავლესობის ძალით დომინაციას. მეტიც: უმრავლესობის მიერ საპირისპირო მოსაზრებათა მოსმენა და ღია დებატი, ე.წ. „მოძრავი“ აზრის კულტურის პატივისცემა, საბოლოოდ ისევ და ისევ უმრავლესობის მიერ გაფორმებულ გადაწყვეტილებას სძენს მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმაციასა და მორალურ ძალას. ამგვარი კულტურის გარეშე კი არათუ ქართული პოლიტიკური სისტემა, არამედ ქართული უსაფრთხოებაც ყოველთვის „მოძრავ ქვიშაზე“ იდგება;
ძალაუფლების სახელისუფლო სტრუქტურებში მოქცევა, ამ სტრუქტურებიდან ძალაუფლების „გადინების“ აღსაკვეთად საჭირო მექანიზმების დანერგვა, ისე როგორც სტრუქტურებს შორის ძალაუფლების სწორი გადანაწილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, რეალური ძალაუფლების მქონე სახელისუფლებო-საკონსტიტუციო სისტემაში ჯანსაღი მდგომარეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელად ამავე სისტემის შიგნით გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიულობა მიგვაჩნია – ერთგვარი „დემოკრატია შიგნიდან“, – ნათქვამია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.