ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, თანდართული მასალებით: „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას.

მისი თქმით, 2017-2020 წლების ბიუჯეტების ძირითადი პარამეტრების დოკუმენტი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მოლაპარაკებების მთავარი დოკუმენტი და სწორედ მასზე დაყრდნობით მიმდინარე წელს ხელი მოეწერა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ, სამწლიან პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 285 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წელს ეკონომიკის ზრდა დაგეგმილია 4,5%-ის, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 9 470.0 მლნ ლარს, გრანტები – 265.0 მლნ ლარს, სხვა შემოსავლები – 385.0 მლნ ლარს.

არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 038.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:

· საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები – 1 288.0 მლნ ლარი;

· მსოფლიო ბანკისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტი – 350.0 მლნ ლარი;

· სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათიდაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა – 400.0 მლნ ლარი;

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911.6 მლნ ლარს, გრანტები – 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 288.0 მლნ ლარს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა:

· ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 111.2 მლნ ლარით და შეადგენს 3 527.0 მლნ ლარს;

· რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 830.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 572.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს;

· განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 114.0 მლნ ლარს შეადგენს. „მატება მთლიანად მოდის საელჩოების დაფინანსების ნაწილზე. გასულ წლებში დავიწყეთ ორი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება. ერთი, ეს არის დაზღვევის თემა. საელჩოებში მომუშავე დიპლომატები და სხვა ადმინისტრაციული პერსონალი სამედიცინო დაზღვევის მფლობელები არიან, რასაც მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია დიპლომატების შვილების ზოგადი განათლების დაფინანსება“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაკაურუძის განმარტებით, მომავალი წლის ბიჯეტში, გათვალისწინებულია ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, ასევე იგეგმება გარკვეული ღონისძიებები დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით. „მიმდინარეობს გარკვეული პროექტების ჩამოყალიბება და მათი დაფინანსებაც მოხდება 2018 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება გაზრდილია მცირედით და 2,950 მლნ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტების წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც შეეხებოდა: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსებას, ქართულ დიასპორებთან თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდას, საელჩოებისთვის ახალი შენობების ყიდვას, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელფასებს, შრომით ინსპექციაში დამატებითი შტატების დაშვების შესაძლებლობას, აქციზის მაჩვენებელს, საგარეო ვალის მოცულობას, იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსებას და სხვა საკითხებს. სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.

„ბიუჯეტის განხილვის პროცესი, რა თქმა უნდა, არ სრულდება და ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ სხვა ფორმატებში გვექნება კიდევ შესაძლებლობა ვიმსჯელოთ ბიუჯეტთან დაკავშირებით და მასში გარკვეული ცვლილებებიც შევა და აისახება“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

საპარლამენტო კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო აშკარად არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ყველა სამინისტროს შორის