ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლითაც მართვის მოწმობის გამოცდა ორეტაპიანი ხდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს და პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საგზაო უსაფრთხოების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც საკმაოდ მაღალია უბედური შემთხვევების და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. პროექტი, რომელიც ჩვენ დღეს პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე განვიხილეთ, სწორედ იმას ემსახურება, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტი ავწიოთ და ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვოთ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ გამოცდა, რომელსაც მართვის მოწმობის ასაღებად აბარებენ, გარკვეულწილად გართულდეს და ორეტაპიანი გახდეს.

„გარდა იმისა, რომ პრაქტიკულ გამოცდას ატარებდნენ საგამოცდო სივრცეში და ეს მოწყვეტილი იყო რეალურ, ბუნებრივ გარემოს, მძღოლებს ვალდებულებად ჰქონდეთ, რომ რეალურ საგზაო სივრცეში ჩააბარონ გამოცდა. საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია არსებობს, რომელიც ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი ჩვენს გზებზე ახალბედა მძღოლებია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ იმას თუ ვის ვაძლევთ მართვის მოწმობას და ვის ვაძლევთ საშუალებას, რომ გზაზე გადაადგილდებოდეს. ავტოტრანსპორტი მომეტებული საფრთხის წყაროა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება დავუთმოთ.

საქართველოში მოპედები ძალიან პოპულარული გახდა. მოპედის მძღოლი საგზაო მოძრაობის მონაწილედ არ ითვლება, რადგან მოპედი მთლიანად რეგულირების გარეთ იყო დარჩენილი. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისიც გახლავთ, რომ მოპედებიც საგზაო რეგულირების სისტემაში ექცევიან, იქნებიან აღრიცხულნი. ამისთვის, მოპედების მფლობელებს გარკვეული ვადა ეძლევათ. მათ საშუალება ექნებათ, კანონის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში დაარეგისტრირონ მათ კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ხულორდავა აღნიშნავს, რომ პროექტი პარლამენტმა შესაძლოა, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცოს.

„ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენა იყო და გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ კანონპროექტი კომიტეტებმაც სამი მოსმენით განიხილონ და პლენარულ სხდომაზე მივიღოთ. პარლამენტმა ის შეიძლება საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცოს. ვერ გეტყვით ზუსტად, შეიძლება დაჩქარებული ინიციატივაც იყოს და რიგგარეშე სესიების დროს დავამტკიცოთ. ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი იყო საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია15 000 პოლიციელი, 18 000 გასროლა, 100 მსროლელი, მათ შორის სნაიპერები – ვინ ხელმძღვანელობდა 20 ივნისის სისხლიან დარბევას