ევროპაში მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა მიწისქვეშ არსებული სასიკვდილო საფრთხე გააშიშვლა. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დაჟანგული ბომბები და ნაღმები მაშველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
ექსპერტების განცხადებით, ექსტრემალური სიცხის გამო საბრძოლო მასალის ნაწილი უკვე აფეთქდა. შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ევროპის „კლიმატური იღბალი“ იწურება — თუ ადრე სტაბილური ტემპერატურა და ნალექი იარაღს უვნებლად ინახავდა, ახლა გვალვა და ხანძრები მათ დეტონაციას იწვევს ან ბუჩქნარის გადაწვით ზედაპირზე გამოაჩენს.
საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ყოფილი საბრძოლო მოქმედებების ზონებში. მაგალითად, ბელგიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს არდენის ოპერაცია მიმდინარეობდა, ხანძრის ზონაში რამდენიმე სპორადული აფეთქება უკვე დაფიქსირდა. ამასთან, მდინარეებისა და ტბების დაშრობის შედეგად (დუნაი, რაინი), წყლიდან მსოფლიო ომების დროინდელი ნაღმები და ბომბები ამოტივტივდა, რის გამოც ხელისუფლებას ცალკეული ხიდებისა და ტერიტორიების ჩაკეტვა მოუწია.
მხოლოდ ბელგიაში გამნაღმველთა სამსახური ყოველწლიურად 3,000-ზე მეტ გამოძახებაზე რეაგირებს და 200-დან 250 ტონამდე ძველ საბრძოლო მასალას ანადგურებს. მკვლევარების შეფასებით, კლიმატური კრიზისის გამო ევროპას ომის მძიმე მემკვიდრეობასთან ხელახლა დაპირისპირება უწევს.
















