„ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% ქართული წარმოშობისაა“ – შესაძლებელია თუ არა დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანა

ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფი კომპანია Fair trees-ის ადგილობრივმა მენეჯერმა ჟანა ბაბუნაშილმა განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ღვინის შემდეგ, ევროპაში არცერთ ქართულ პროდუქტს ისეთი გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც ქართული წარმოშობის ნაძვის ხეებს“.

როგორც ჟანა ბაბუნაშვილი აღნიშნავს, ნაძვის ხის ფასი საშუალოდ 25-დან 100 ევრომდე მერყეობს. მისივე თქმით, ნაძვების წარმოშობის ისტორიით დასავლური მედია წელს განსაკუთრებით დაინტერესდა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ Fair trees 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ათწლიანი ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი.

„ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% (თუმცა, ამბობენ, რომ 95%), არის სწორედ რაჭიდან, კონკრეტულად, კავკასიური სოჭის თესლიდან გაზრდილი. ნაძვის ხის ფასი დაახლოებით, 30-დან 45 ევრომდე ღირს. თუმცა, არის ძალიან დიდი ქალაქები, მაგალითად, ბერლინი, კოპენჰაგენი, სადაც ქუჩების დეკორაციებისთვის ყიდულობენ და შესაბამისი ზომის ნაძვის ხეები 80-100 ევროც ღირს“,-აცხადებს ჟანა ბაბუნაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დასავლური მედიის მხრიდან ნაძვის ხეების წარმოშობის ისტორიით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ საქართველოში ჩამოდიან, რათა ტყეები ადგილზე ნახონ და გირჩის კრეფის სამუშაო პროცესს გაეცნონ.

რაც შეეხება ნაძვის მოყვანის დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანას, ჟანა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს კლიმატი ზემდეტად ცხელია, რის გამოც კომპანიების მხრიდან მცდელობა, ამ ეტაპზე არც ისე დიდია.

„რამდენიმე კომპანია მუშაობს სანერგე მეურნეობებზე, თუმცა ამის განხორციელება ძალიან რთულია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საუკეთესო თესლია, მზის გამო, მისი ღია გრუნტში გაზრდა არანაირად არ ხერხდება. მისთვის იდეალურია დანიური კლიმატი. ამასთან, ჩვენთან არ არის შესაბამისი ბაზარი, არ გვაქვს ცოცხალი ნაძვის ხის კულტურა და ამდენად არც დანიური მოდელის გადმონატანის მცდელობაა დიდი. თუმცა, Fair trees-მა ქოთნებიც შემოიტანა, რადგან ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემაა მოჭრილი ნაძვის ხე. ნელ-ნელა ალბათ, ეს ბაზარიც მოიკიდებს ფეხს და ჩვენთანაც შემოვა ცოცხალი ნაძვის ხეები“,-აცხადებს ჟანა ბაბუნაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,როცა ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვაობა აქტუალობას კარგავს”- კვირიკაშვილი რურუაზე
შემდეგი სტატია“მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის დაკავება, რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება”