ევროპის დიდ ნაწილს ექსტრემალური სიცხის ტალღა დაატყდა თავს — ტემპერატურა 40 გრადუსს უახლოვდება, რის გამოც ქვეყნებში საგანგებო გაფრთხილებები მოქმედებს. სინოპტიკოსების განმარტებით, საჰარის უდაბნოდან წამოსულმა ცხელმა ჰაერმა და ე.წ. „აფრიკულმა ანტიციკლონმა“ დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში „სიცხის გუმბათი“ შექმნა, რაც ჰაერის მასების ჩაკეტვასა და ტემპერატურის ყოველდღიურ მატებას იწვევს.
წითელი განგაში იტალიასა და ესპანეთში
იტალია: ხელისუფლებამ 8 მსხვილ ქალაქში, მათ შორის მილანში, ტურინში, ბოლონიასა და ფლორენციაში, „წითელი ალერტი“ გამოაცხადა. რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, პილიგრიმები მზისგან თავს ქოლგებით იცავდნენ.
ესპანეთი: სინოპტიკოსებმა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადეს მალიორკაზე, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ სიცხეები კვირის შუა რიცხვებამდე გასტანს.
საფრთხე ინფრასტრუქტურისთვის: საფრანგეთში მატარებლების რეისები გაუქმდა
ძლიერმა სიცხემ საფრანგეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკები შექმნა — მაღალი ტემპერატურის გამო ლიანდაგები ფართოვდება, რაც გადაადგილებას საფრთხეს უქმნის. რკინიგზის ოპერატორმა გააუქმა 71 საქალაქთაშორისო რეისი და მობილიზებული ჰყავს ათასობით თანამშრომელი საავარიო სამუშაოებისთვის.
შტორმი გერმანიაში და საფრთხე ცხოველებისთვის
გერმანია: 38-გრადუსიანი სიცხის შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილსა და ბერლინში ძლიერი შტორმი და თავსხმა წვიმა დაიწყო, რის გამოც ბერლინის საჩოგბურთო ტურნირის ფინალის წინ გულშემატკივრების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ბელგია: ცხოველთა დამცველები აცხადებენ, რომ თავშესაფრები გადავსებულია სიცხისგან დაზარალებული ცხოველებით. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ფრინველების ბარტყები.
ექსპერტების შეფასებით, ევროპაში სიცხის ტალღების გახშირება და მათი ინტენსივობა კლიმატის გლობალური ცვლილების პირდაპირი შედეგია.


















