ევროპარლამენტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყეს.

აღნიშნულ თემაზე მომხსენებელია “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ბულგარელი დეპუტატი მარია გაბრიელი.

ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს გადაყვანას , იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა.

სამოქალაქო თავისუფლებების,სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ევროპარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, მას ევროკავშირის საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონის 26 ქვეყანაში და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად. სავიზო რეჟომის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში, ჯამში 90 დღით შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: დღეს ქართველი ხალხის ინტერესს ჩვენი ბრიუსელში ყოფნა სჭირდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა