ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა

ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მმართველი საბჭოც ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან აერთიანებს წევრებს.

საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ჯგუფი დიდ წვლილს შეიტანს ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში.

ჯგუფის თანათავმჯდომარის ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის.

„ჩვენ ვაერთიანებთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან რათა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას, ამაში კი ევროპარლამენტის გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში არსებული კავშირებიც დაგვეხმარება“- განაცხადა მუდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მათ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა და 270-მდე წევრმა პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაბელორუსი რუსეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს