10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” — 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. 97-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები და სავიზო აკრძალვები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს.

ერთპარტიული რეჟიმის საფრთხე: დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული სასამართლო პროცესები „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. მისი მიზანი პოლიტიკური პლურალიზმის განადგურება და საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად ქცევაა — რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად.

რეზოლუციაში აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა, რამაც ეჭვები გააჩინა მათ დამოუკიდებლობაზე.

ყურადღება გამახვილებულია „კონრად ადენაუერისა“ და „ფრიდრიხ ნაუმანის“ ფონდების მიერ თბილისის ოფისების დახურვის იძულებასა და ჟურნალისტების დაპატიმრებაზე.

ევროპარლამენტი რეზოლუციით ითხოვს დაუყოვნებლივ შეჩერდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი, რადგან ლეგიტიმური ოპოზიციის განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან.

ევროპარლამენტი ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიასა და მშვიდობიანი პროტესტის გამო დაპატიმრებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები „საბოტაჟის“ შესახებ და დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა მკაცრად აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს გაწევრიანებისკენ გადადგმულ ყოველგვარ შემდგომ ნაბიჯს.

რეზოლუციის ტექსტი გადაეცემა ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს ხელისუფლებას.

banner
წინა სტატიაში“ევროპარლამენტმა ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა”- არჩილ გორდულაძე
შემდეგი სტატიავატო სურგულაძე: რუსეთიდან შავი ჭირის გავრცელების პანიკის საფუძველი არ არსებობს