ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცხრა დღით ადრე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას უჭერს მხარს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პარტნიორების შენგენის და ერთიან საბაჟო კავშირში გაწევრიანებას 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი და 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

რეზოლუცია დღესვე გადაეგზავნება ევროპულ კომისიას და ევროპულ საბჭოს.

ევროპარლამენტარებმა ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რეკომენდაციები მოამზადეს. რეკომენდაციებში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული წევრი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელიც ამ სახელმწიფოებში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.

ევროპარლამენტში სამიტის შესახებ რეზოლუციაზე დებატები 14 ნოემბერს გაიმართა. დებატების დაწყებამდე, ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ პირველ არხს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია თუ არ იქნება ახალი დინამიკის წინაპირობა, მასში მნიშვნელოვანი ელემენტები არ აისახება, არ იქნება მომავლის პოლიტიკური ხედვა, მაშინ ეს ევროკავშირის უუნარობის და დროის დაკარგვის დემონსტრირება იქნება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია:ანგარიშსწორებისთვის გარეწარი ჩაუყენა სათავეში
შემდეგი სტატიაკიევში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს