“ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ პროცესი დასრულდა”

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის არის საჭირო.

ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი, საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს. ელჩის თქმით, მოლდოვას, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად 4-5 თვე დასჭირდა. საქართველოს შემთხვევაში კი, ეს პერიოდი შესაძლოა, ნაკლებიც იყოს. მისი თქმით, თუ ევროპარლამენტიც და ევროკავშირის საბჭოც დაეთანხმება ევროკომისიის შეთავაზებას, ჩაითვლება, რომ ეს პროცესი დასრულდა. დაახლოებით, როდის შეძლებს საქართველოს მოქალაქე პირველად, შენგენის ზონაში უვიზოდ ჩასვლას, ევროკავშირის ელჩის განმარტებით, ეს დამოკიდებული იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და ევროპარლამენტზე. ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ინიციატივაში ნათქვამია, რომ საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულა და „ამიტომ, აკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს, რათა მისი მოქალაქეები სავიზო მოთხოვნებისგან განთავისუფლდნენ“. საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდება, რომლებსაც უვიზოდ გადაადგილების უფლება ექნებათ შენგენის ქვეყნებში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში. ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს. მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი ინიციატივის თაობაზე დღეს, დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე, ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. მეორე ფაზა ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობდა. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.

banner
წინა სტატიაშისირიელმა სამხედროებმა ბოევიკებს ჩაბარებისკენ მოუწოდეს
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა:მიგრაციის კომისარი ავრამოპულოსი თბილისში მალე ჩამოვა