ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით

ევროპარლამენტმა კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ.
ხმების უმრავლესობით ევროპელმა დეპუტატებმა დაამტკიცეს დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად არ ცნობს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
რეზოლუცია მხარს უჭერს მოწოდებას დამოუკიდებელი, საერთაშორისო და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების შესახებ.
მხარი 444-მა დეპუტატმა მისცა, 72 წინააღმდეგი, 82-მა თავი შეიკავა.
„საყოველთაო არჩევნების გაყალბების შესახებ ცნობები ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას, ნებისმიერი ახალი ხელისუფლების სანდოობას და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების საიმედო ასახვას…“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი ითხოვს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ჩაატარა არჩევნები „რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და მის, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ“.
კენჭისყრის დროს დაფიქსირებული დარღვევები „შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებთან“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ „არჩევნების ჩატარება იყო კიდევ ერთი გამოვლინება მიმდინარე დემოკრატიული სტაგნაციისა, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტიას ეკისრება“.

„რაც არ უნდა ჩაიწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არ არის არც საინტერესო, ამას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი, ისევე როგორც ჩალის ფასი ჰქონდა წინა 4 რეზოლუციას. ეს არის ფარატინა ქაღალდი შესაბამისად, სერიოზულად ვერ დავკავდებით ამ დოკუმენტის შეფასებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

banner
წინა სტატიაშიდუგინმა  ირაკლი კობახიძეს თანამდებობა მიულოცა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – 680 000-მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე