ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც საქართველოში მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებს ეხება და რომელსაც კენჭს მოგვიანებით უყრიან.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი წამყვანი ოპოზიციური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტები“ და პარტია „საქართველოსთვის“) აკრძალვის მოთხოვნით, რაც ლეგიტიმური პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას ემსახურება.
ევროდეპუტატების შეფასებით, სასამართლო პროცესები ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად (რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად) ქცევის სტრატეგიის ნაწილია, რისი მიზანიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის მიღმა დატოვებაა.
პროექტში ხაზგასმულია ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნულია, რომ „გრანტების შესახებ კანონის“ შეზღუდვების გამო თბილისის ოფისების დახურვა მოუწიათ „კონრად ადენაუერისა“ და „ფრიდრიხ ნეუმანის“ ფონდებს.
დოკუმენტში საუბარია ჟურნალისტების დაპატიმრების ფაქტებზე, რომლებიც ხელისუფლების მიერ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელებულ რეპრესიებს აშუქებდნენ.















