15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ნათქვამია, რომ თუ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუჩერდეთ

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ნათქვამია, რომ თუ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებსაც შეუჩერდეთ.

დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ მკვეთრად უარესდება, “რასაც თან ახლავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი უკუსვლა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო”. საუბარია საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობასა და დაპატიმრებებზე, ასევე 8 ოპოზიციონერი ლიდერისთვის ბრალის წაყენებასა და დაკავებებზე.

“ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს;

მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა შემოიღებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მიჰყვნენ მაგალითს.

სინანულს გამოთქვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გადადგა არანაირი ნაბიჯი ევროკავშირთან დიალოგის დასაწყებად…მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეინარჩუნონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებთან დაკავშირებით; გმობს დაუნდობელ აგრესიულ რიტორიკას ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ…

გმობს სულ უფრო შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, რომლის მიზანია პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის; ხაზს უსვამს გრანტების შესახებ კანონში 2026 წლის 28 იანვარს გამოცხადებულ უახლეს ცვლილებებს….

აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი…

აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც „ქართული ოცნება“ სრულად იქნება პასუხისმგებელი;

შეშფოთებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა; კიდევ ერთხელ აცხადებს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური
პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი…

აღნიშნავს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ, „ქართული ოცნება“ სტრატეგიულ მიმართულებას იღებს ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ…

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს „მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება“, რაზეც „ქართული ოცნება“ სრულად იქნება პასუხისმგებელი”,_  ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაში“მოიწვიე ფინედუ კლასში” – საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს
შემდეგი სტატია“ზელენსკის ვიზიტი სომხეთში უმადური ნაბიჯია სომხეთის მხრიდან, რომელიც არაერთხელ გადავარჩინეთ”- სიმონიანი