ევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა , – ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია აღნიშნული.

დოკუმენტში საუბარია, რომ 2021 წლის 5 ივლისს ულტრამემარჯვენე აქტივისტები ძალადობრივად თავს დაესხნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, მედიის წარმომადგენელსა და მშვიდობიან მომიტინგეს, როდესაც ისინი „პრაიდის“ მარშს აშუქებდნენ, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა.

„„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ამ თავდასხმის შემდეგ მიყენებული დაზიანებების გამო მალევე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მედია გარემო, რამდენიმე წლის გაუმჯობესების შემდეგ, სწრაფად გაუარესდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტოდ ბევრი შემთხვევა მოხდა, რამაც გამოიწვია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთების გამომხატველი განცხადება მედიის თავისუფლების შესახებ და საქართველოს მნიშვნელოვანი დაქვეითება მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში.

რეზოლუციის თანახმად, ჟურნალისტებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ცილისწამებასთან დაკავშირებული საჩივრების რაოდენობა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირების მიერ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ, იზრდება. ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია არხების წარმომადგენლებს, აქვთ სირთულეები საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოპოვებაში.

„ჩატარებული გამოძიებების დროს იყო გამჭვირვალობისა და ეფექტურობის ნაკლებობა, რამაც გამოიწვია დაუსჯელობის ფართო შთაბეჭდილება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვს ადამიანს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2022 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მარშზე ორ ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდასხმისთვის.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებზე და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის.

მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიის გამჭვირვალე მფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემაში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს; მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეუფერხებელი წვდომა და უზრუნველყოს ჟურნალისტების და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მათ მიერ საჯარო განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონური „კრაბები“ უკვე ფრონტზეა – რეზნიკოვი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება” გვართმევს ევროპულ პერსპექტივას – ივანიშვილი სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა – პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო – ვაშაძე