ევროპარლამენტართა ჯგუფი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას და ცალკეულ პირთა დასანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ხვალ უყრიან კენჭს.

პროექტში კრიტიკულადაა შეფასებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და, სხვადასხვა დასკვნასთან ერთად, ეყრდობიან სალომე ზურაბიშვილის შეფასებას, რომელმაც დაგმო საპარლამენტო არჩევნები.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ დაგმო საპარლამენტო არჩევნები, როგორც გაყალბებული, განაცხადა, რომ არ აღიარებდა მათ და მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება; აქებს სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, მშვიდობიანად დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე; მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, მიიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს წარმოსადგენად ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე და ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მომდევნო სამიტზე“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, პროექტში წერია, რომ „საქართველოს ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მოახდინა ძალაუფლების არაკონსტიტუციური უზურპაცია, სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძირს უთხრის სასამართლო დამოუკიდებლობას და არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას, რითიც აღრმავებს საქართველოს პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს; ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად; ასევე მოუწოდებს წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობის პირობად გახადონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა. პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დაუწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს“.

ამასთანავე, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს“;

ასევე, პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, „დაუწესონ სანქციები, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს“.

რეზოლუციის პროექტში საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ არის მოხსენიებული არალეგიტიმურად. ამასთან, პროექტის მიხედვით, თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 120 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინის კანონიერი ადგილი არის ნატო-ში, ეს არის პროცესი, რომელსაც დრო დასჭირდება
შემდეგი სტატიატრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება