ევროპარლამენტარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებას მოითხოვს

ევროკავშირისგან საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარება მოითხოვა სამშაბათს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხეილ ბონმა.

ევროპარლამენტის წევრის შეფასებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა
შეასრულა და ახლა, ევროკავშირის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროა.

მისივე თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის და შეჩერების მექანიზმზე მუშაობის დასრულება ურთიერთკავშირშია.

“ხმა მივეცით ვიზალიბერალიზაციის სასარგებლოდ, თუმცა საბჭოს პოზიციით შეჩერების მექანიზმი და ვიზალიბერალიზაცია ურთიერთკავშირშია. ველოდებით შეჩერების მექანიზმზე მუშაობის დასრულებას. პარლამენტმა მხარი დაუჭირა და ვფიქრობ, რომ საბჭომაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობამაც უნდა დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს. ჩვენ, პარლამენტი, ვცდილობთ პროცესი სწრაფად დავასრულოთ”,-განაცხადა ბონიმ.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი შესაძლოა, ევროპარლამენტში, ნოემბრის სესიაზე გავიდეს, ეს დამოკიდებულია შეჩერების მექანიზმის საბოლოო სახით მიღებაზე.

“შეჩერების მექანიზმი” ევროკავშირს უფლებას აძლევს, ნებისმიერ წევრ ქვეყანას დაუყოვნებლივ, დროებით შეუზღუდოს უვიზო მიმოსვლის უფლება.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: წყენას ადგილი არ ჰქონია… ჯერ მიმდინარეობს კონსულტაციები
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო ყოველთვის დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში