6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ევროპარლამენტარი: მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ

ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ, – ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა, ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

“ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი და მძევლად ქცეული ხალხი.ორივე რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს – ორივე მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ორივე საკუთარი ერის მომავალს ანადგურებს. პუტინის მსგავსად, მათაც თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ეშინიათ. ახლა კი, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ევროპულ ფონდებსაც აძევებენ, მაგალითად, კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებს. ამ ორგანიზაციებმა წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ქართველო ხალხი ხელისუფლებისგან განსხვავდება და მუდმივად იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.

“ირონიულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა; ანუ, მათ დემოკრატია შეისწავლეს, რათა მოგვიანებით ის გაენადგურებინათ. კოლეგებო, საქართველოს ხალხი სრულიად განსხვავდება ამ რეჟიმისგან. ისინი, ჩვენსავით, მთელი არსით ევროპელები არიან და მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ამიტომაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი – რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა. ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარიაც, თავისუფალი იქნება. ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა,ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი ევროპარლამენტარი: “ოცნების” რეჟიმი საბჭოთა წარსულის აღდგენის რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატიასანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა შემოვიღოთ მოსამართლეებისთვის, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უშვებენ- ევროპარლამენტარი