ევროპარლამენტარი, რობერტ ბეიდრონის განცხადებით, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი დემოკრატიული წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.
მზია ამაღლობელი დემოკრატიული წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენს. მან დოკუმენტურად აღწერა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და რეპრესიები, რომელთა წინაშეც საქართველოში პრო-ევროპელი მომიტინგეები დადგნენ. მისი დაპატიმრებით და ორწლიანი პატიმრობით ის გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტ-პატიმრი, რითაც წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლებების დამცველი ჟურნალისტები.
2025 წლის ლაურეატები არიან ჟურნალისტები, რომელთაც არსებითი წვლილი აქვთ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, დემოკრატიული სივრცის შესაქმნელად თავიანთ ქვეყნებში. მათი გამბედაობა ასახავს იმ ღირებულებებს, რომლითაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ეს ღირებულებები საყოველთაოა. ისინი უნდა იყოს დაცული ევროკავშირის შიგნით და იმავე სიცხადით უნდა იყოს დაცული ეს ბელარუსსა თუ საქართველოში და ნებისმიერ ადგილას, სადაც მოქალაქეები ევროპას დემოკრატიული თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში სოლიდარობის იმედით უყურებენ,” – განაცხადა რობერტ ბიედრონმა.

















