ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ

ევროპარლამენტში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებაც ისაუბრეს და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ მიმდინარე სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოში რეფორმების შეფერხების რისკებს ხედავს.

“ჩვენ კონტინენტზე კონფლიქტები ჯერ არ გაუჩინარებულა. საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ ბოლო თვეებში სიტუაცია გაუარესდა. სწორედ ამიტომ, ვზრდით ჩვენი მისიის წარმომადგენლობას ადგილზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპების დეკლარირება. ეს ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველია. საქართველო არის ახლო და საიმედო პარტნიორი სამეზობლოში. ამიტომაც ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში,”- განაცხადა მოგერინიმ.

გაგრძელდება ეს რეფორმები თუ ყველაფერი დემოკრატიის უკუსვლით დასრულდება, – ამ შეკითხვით ევროპარლამენტარებს მწვანეების ჯგუფის წევრმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა მიმართა. ტაუბადელის პოზიციას იზიარებს ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატი წევრი მარინა კალიურანდი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს.

“ამ ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას სურს იხილოს დემოკრატია, კეთილდღეობა, ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის და არა რამდენიმე ოლიგარქისთვის, სახელმწიფო, რომელიც გამოხატავს მოქალაქეებისა და არა პოლიტიკოსების პირად ინტერესს. არსებითი ცვლილებისთვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი მთავრობები, თუმცა ძლიერი მთავრობა არ ნიშნავს ძალაუფლების ქონას კონტროლის გარეშე.

შემაშფოთებელია ამ ტენდენციების ხილვა საქართველოსა და უკრაინაში. შესაძლოა მთავრობები წნეხის ქვეშ არიან, მაგრამ მათ არ უნდა უგულვებელყონ კრიტიკა. ჩვენი კრიტიკა ეხება პრო-დემოკრატიულობის აუცილებლობასა და ეფექტური ინსტიტუციების ქონას. ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებიც მხარს დაუჭერენ რეფორმებს. ჩვენი ინტერესია გვქონდეს ინსტიტუციები, რომლებიც კარგად იმუშავებენ პუტინის, ოლიგარქების და თუნდაც ჩვენს გარეშე,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

banner
წინა სტატიაში” ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში”
შემდეგი სტატია“ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს არეულობა და სახელმწიფოებრიობის შეფერხება”