ევროპარლამენტარები ოქრუაშვილს ივანიშვილის მძევლად მიიჩნევენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი დიდი ალბათობით ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება. 5 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ის ივანიშვილის პირადი პატიმარია.
ევროპარლამენტარებთან შეხვედრა ბელგიის სოციალ-დემოკრატების (Sp.a) წევრმა, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა ანა ბალამწარაშვილმა გამართა.
როგორც მან „თაიმერთან“ საუბარში განაცხადა, ის ევროპარლამენტის ორ წევრს და რამდენიმე ევროპელ უფლებადამცველს უკვე ესაუბრა. შეხვედრაზე ბევრ რამეზე ისაუბრეს, მაგრამ მთავარი თემა იყო გავრილოვის ღამე და გავრილოვის პატიმრები.
ბალამწარაშვილი ამბობს, რომ ევროპელები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ საქართველოს, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე აქვს პრეტენზია, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები ჰყავს.
ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტარები კარგად არიან ინფორმირებული ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ. „მათ ბევრი რამე იციან ირაკლიზე. იციან მის მიერ გატარებული რეფორმების შესახებაც. ეს რეფორმები ოქრუაშვილმა ყველა უწყებაში გაატარა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ევროპელები მას რეფორმატორს უწოდებენ“, – აღნიშნავს ბალამწარაშვილი.
„თაიმერთან“ საუბარში ის ამბობს, რომ არაა გამორიცხული ევროპარლამენტარები თბილისში გავრილოვის პატიმრების მოსანახულებლადაც ჩამოვიდნენ.
„ ის ევროპარლამენტარები, რომლებსაც მე ვესაუბრე, მოითხოვენ რომ რეზოლუციაში, რომელიც მალე იქნება მიღებული, ირაკლი ოქრუაშვილიც ჩაიწეროს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ რეზოლუციაში ჩაიწერება, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და ივანიშვილის მძევალი. ევროპარლამენტარები მზად არიან თბილისში ჩამოვიდნენ მის მოსანახულებლად“, – აცხადებს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.
5 ნოემბერს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, რომელიც ოქრუაშვილის მოთხოვნით გადაიდო.
მან იმ ადვოკატებზე თქვა უარი, ვინც მას ამ ხნის მანძილზე იცავდა. მას ახალი ადვოკატის აყვანა სურს. პროკურატურის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გარესამყაროსთან კავშირი აკრძალული აქვს. ამიტომ ექს-მინისტრმა მასთან სასულიერო პირის შესვლა მოითხოვა, რომლის მეშვეობითაც ახალ ადვოკატს დაუკავშირდებოდა.
ხელისუფლებამ მასთან სასულიერო პირის ნაცვლად ადვოკატი შეაგზავნა, ეს ადვოკატი სახელმწიფომ დაუნიშნა. ყოფილ მინისტრს კი არ სურს, რომ ის სახელმწიფოს დანიშნულმა ადვოკატმა დაიცვას. სასამართლოს გადადების მიზეზი სწორედ ეს გახდა. მოსამართლე კი ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი სასამართლოს აჭიანურებს.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიშოთა გულბანი – ნებისმიერი კატეგორიის დამატებითი ფინანსური ვალდებულების აკიდება ბიზნესისთვის პრაქტიკულად დამატებით გადასახადთან იგივდება
შემდეგი სტატიამეუფე ანტონი: ბოლო ჟამის ეკლესია ასეთი იქნება, ეს რეალობაა და არა ფილმი