ევროპარლამენტარები: ოცნებამ ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს, საარჩევნო დარღვევებს უპასუხოს

ევროპარლამენტარები, ანდიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენი და ლიტველი პარლამენტარი, ზიგმანტას პავილიონისი, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ:

“ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მტკიცე მხარდამჭერები, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების.

სიტუაცია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ჩვენთვის შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ამომრჩევლებს ასარჩევად ჰქონდათ რეალური ალტერნატივა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ბუნდოვანი ხაზი იყო კამპანიის დროსა და არჩევნების დღეს, რამაც, შედეგად, შეამცირა საზოგადოებრივი ნდობა.

სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ორივეს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ დასაბუთებულ მოთხოვნებსა და საჩივრების სამართლიანი განხილვისა და არსებული ინსტიტუციებისადმი მიმართვის შესაძლებლობაზე. ყველასა და ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველი პოლიტიკოსებისა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად.

საქართველოს მთავრობას მმართველ პარტიასთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს უპასუხოს ამ მკაფიო პრობლემებს და ოპოზიციასთან დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი და იპოვონ სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიის ამ რთული მომენტისთვის.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საიმედო და ინკლუზიური იურიდიული პროცესისკენ დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსწორების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების დაცვა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი სადამკვირვებლო მისიებით ესწრებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარმოადგინონ საბოლოო დასკვნები.

ჩვენ გვაქვს ნდობა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიულ პროცესებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, იმისთვის, რომ შეფასდეს საჩივრები და მტკიცებულებები არჩევნების დარღვევებსა და რომ მოიძებნოს ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასა და ხალხთან, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს.

ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და ამ დიალოგში კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და არ მოახდინონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და მთავრობის ერთიანობა, რათა გააგრძელოს თავისი ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო თავის ძალისხმევის კონცენტრირებას მოახდენს ევროინტეგრაციისკენ და ეყოლება პარლამენტი, რომელსაც აქვს ფართო ლეგიტიმაცია და შეუძლია გაუმკლავდეს უახლოეს გამოწვევებს”. – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მუსიკოს მიხეილ თოდუას მიმართ შინაპატიმრობის ღონისძიება ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაქვრივიშვილი – მაიკ პომპეოს ვიზიტი და 132-მილიონიანი დახმარება ხაზს უსვამს აშშ-ს მხარდაჭერას