ევროპარლამენტარები – კიდევ ერთხელ ვულოცავთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში შეძლო

კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოთხი ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

აქვე, აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას.

ამასთან, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი ახალი დიალოგის გზით.

მათივე შეფასებით, კომპრომისი საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი მუშაობა, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი.

ამასთან, განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დარჩენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით.

„საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე რაუნდის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას.როგორც მანამდე ვთქვით, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რათა შეგვეფასებინა საქართველოს მთავრობის და ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩვენო სისტემით, რამაც გზა გაუხსნა უფრო პლურალისტულ პარლამენტს. თუმცა, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ ადგილებისთვის მეორე ტურში. ჩვენ ვითხოვთ, დარჩენილი ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც გადაჭრის ეუთო/ოდირის დაყოვნებულ რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით.

ევროპარლამენტი მზადაა დამატებითი მხარდაჭერისთვის, მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და საქართველოს პოლიტუკურ ძალებს შორის შუამავლობის გზით, რისი მიზანიც იქნება შემდეგი არჩევნებისთვის კანონდებლობის დახვეწა.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი, კერძოდ ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები ერთობლივად არიან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი ფუნქციონირება, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და თან გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უმთავრესი ინტერესი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს
შემდეგი სტატიატიკარაძე: საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ