“ევროპა უნდა იყოს უფრო გახსნილი ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება საფრთხეს არ ქმნის.

დავით ბაქრაძის თქმით, ევროპა საქართველოსთვის მეტად გახსნილი უნდა იყოს, რადგან საქართველომ ევროპის უსაფრთხოების დასაცავად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.

ბაქრაძე “ობსერვერთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები და სხვა ქვეყნების პრაქტიკა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

“2013 წელს მივიღეთ სამოქმედო გეგმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თუ საქართველოს მთავრობა კონკრეტულ რეფორმებს განახორციელებს, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს კარს გაუღებს. ამის შემდგომ, საკმაოდ არასახარბიელოდ განვითარდა მოვლენები ევროპაში უსაფრთხოების კუთხით, იყო ძალიან სამწუხარო ტერორიზმის შეტევები. თუმცა ვფიქრობ, რომ ევროპა უნდა იყოს უფრო გახსნილი ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, რადგან ევროპის უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ და საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილება არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა და საიმედო პარტნიორი, რომელიც აჩვენებს, რომ არჩევანს მოაქვს შედეგი. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების პრაქტიკით, ან ევროპული ლიდერების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი”,- განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
შემდეგი სტატიასკოლებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა