ევროპა უკრაინაში 10-წლიანი ომისთვის უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამასთანავე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო დიდი ხნით ექნება ალიანსს ომის გაგრძელების მზაობა, მით უფრო ადრე გახდება შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება.
სტოლტენბერგმა, ვისი უფლებამოსილებაც ნატოს გენმდივნის თანამდებობაზე ოქტომბერში იწურება, მოუწოდა ნატოს წევრებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა და დაფინანსება გაზარდონ. ეს მოწოდება იმ ფონზე ხდება, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ფინანსური დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან შეიძლება შემცირდეს ან საერთოდ შეწყდეს.
ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა იყვნენ თუ არა უკრაინის მოკავშირეები ნატოში 10 წლიანი კონფლიქტისთვის სტოლტენბერგმა უპასუხა „დიახ“.
„პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ახლა პუტინს ჰქონია, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს და ჩვენ ამ ომით დავიღლებით. სწორედ ამიტომ ომი გრძელდება. და თუ ავუხსნით, რომ აქ დიდი ხნით ვართ და რომ უკრაინას ჩვენი ძლიერი და მუდმივი მხარდაჭერა აქვს, მაშინ გაჩნდება კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები. რაც უფრო მტკიცე იქნება უკრაინის მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2025 წელს გერმანიის მინისტრთა კაბინეტი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ორჯერ შემცირებას გეგმავს. ის 8 მლრდ. ევროდან 4 მლრდ. ევრომდე დაიწევს.
ასევე ევროპაში არსებობს გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტად სენატორი ჯეი დი ვენსი დაასახელა, რომელიც აშშ-ის იზოლაციონისტური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად ითვლება.