ევროპა დადებითად აფასებს დაახლოების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს – მარიამ ლაშხი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარიამ ლაშხის განცხადებით, ევროპა დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაახლოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„წინა კვირას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების ბუქარესტსა და პარიზში გამართული ვიზიტების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნა იყო. ევროპა დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც დაახლოების მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ აქტივობებში გამოიხატება“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისი თქმით, რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს ცნო და დღესაც ჩვენი ქვეყნის ძალიან აქტიური მხარდამჭერია.

„რუმინეთთან გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი და სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო გეგმა გვაძლევს იმის მყარ გარანტიას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება და ინტენსიური გახდება ჩვენი ქმედებები ევროინტეგრაციისაკენ“, – განაცხადა მან.
როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, საფრანგეთში შეხვედრები სენატის საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტებში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ფრანგულმა მხარემ ნათლად დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერა.
მისივე თქმით, საფრანგეთში საქართველოს მოიაზრებენ ერთგვარ პლაცდარმად როგორც პოლიტიკურ ნაწილში, ასევე უსაფრთხოების და მშვიდობის პოლიტიკის მიმართულებით.

მარიამ ლაშხი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების საკითხს და განაცხადა, რომ საფრანგეთის და რუმინეთის ხელისუფლებამ ერთხმად დაგმო რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით არჩევნების ჩატარება.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი – არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება
შემდეგი სტატიასაჭიროა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით – ანა ნაცვლიშვილი