ევრონიუსის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძესთან დისკუსიის დროს კითხვა დასვა, თუ რატომ სურს „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავად საუბრობენ ევროკავშირში არსებულ ნეგატიურ ტენდენციებსა და ბიუროკრატიის გავლენაზე.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რა საერთო ღირებულებები აქვს საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან, მაშინ როდესაც ევროპელი ლიდერები მათთან საჯაროდ გამოჩენასა და ფოტოების გადაღებასაც კი ერიდებიან.
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, – უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ევროკავშირში არსებულ ნეგატიურ ტენდენციებს ხედავს, თუმცა იმედი აქვს, რომ ვითარება შეიცვლება.
კობახიძემ მთავარ პრობლემად მხარეებს შორის დიალოგის ნაკლებობა დაასახელა.
„პრობლემა ის არის, რომ არ გვესაუბრებიან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ღირებულებები, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაშია.
„ჩვენი ღირებულებები გაგვაჩნია, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობაშია. მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა. ჩვენ მზად ვართ, ყველა საკითხზე ვისაუბროთ“, – დასძინა კობახიძემ.















