ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით გაიმართება

19-20 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია.

სესია საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 აპრილს, გაიმართება ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.

„აღსანიშნავია, რომ სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის: „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ თანაავტორია საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შალვა პაპუაშვილი.

20 აპრილს დაგეგმილია საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილი, რომელზეც სესიის დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პლენარული სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება „პოსტკოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“, რომელზეც საქართველოს მხრიდან მოხსენებას გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები ასამბლეის წევრების მონაწილეობით.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება – 10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია). პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად, მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში.​ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე – ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება
შემდეგი სტატიაახალდაბაში კაცი მოკლეს