26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ევროკომისიის სპიკერი: თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, რისკავს 2 მილიარდამდე ევროს მობილიზების პლატფორმიდან სარგებლის შეზღუდვას

ბრიუსელში გამართულ მაღალი დონის მინისტერიალზე ევროკომისიამ „კავშირების დღის წესრიგის პლატფორმა“ წარადგინა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან შეთანხმებები გააფორმა, რომელთა ფარგლებშიც შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში სტრატეგიული დაკავშირებადობისთვის 2 მილიარდამდე ევროს მობილიზება იგეგმება. თუმცა, ღონისძიებას, რომელშიც ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნების მინისტრები მონაწილეობდნენ, საქართველო და აზერბაიჯანი არ დასწრებიან.

ევროკომისიის სპიკერმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ საქართველო მიწვეული იყო, თუმცა შეხვედრაზე არ გამოჩენილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კურსის არშეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა რისკავს მსგავსი პროექტებიდან სარგებლის მიღების შეზღუდვას. გამოცემის ცნობით, ბრიუსელში საქართველოს ელჩს ელოდნენ, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაბამის უწყებას ოფიციალური მოსაწვევი არ მიუღია:

„ბრიუსელში, დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმის მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელშიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრები მონაწილეობენ, საქართველოს შესაბამის სამინისტროს ევროკომისიის მოსაწვევი არ მიუღია“, — განაცხადეს საგარეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მონაწილეობა არც გასულ წელს ლუქსემბურგში გამართულ ანალოგიურ მინისტერიალში მიიღო.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ გუცაევი: სსრკ-ის ნაკრებში მე და დათო ყიფიანს მხოლოდ ფორმალობისთვის გვიძახებდნენ
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები — ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა