ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი 4 ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს.

როგორც წერილშია ნათქვამი, ფონ დერ ლეიენი მიიჩნევს, რომ როგორც მართსაჯულების, ისე საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა.

ფონ დერ ლეიენის სახელით წერილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მისმა თანაშემწემ ბიორნ სეიბერტიმ მისწერა.

“პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა მთხოვა მადლობა გადამეხადა თქვენი წერილისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის.

ჩვენ სრულიად გეთანხმებით მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობასათან დაკავშირებით. ეს რეფორმები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ეფექტურად შესრულების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს ევროპული ამბიციის წინ წასაწევად.

ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება საუკეთესო შესაძლებლობაა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად საქართველოს დემოკრატიისა და მედეგობის შემდგომი შენების საქმეში, ასევე პასუხობს პოლარიზაციის გამოწვევას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე ახდენს გავლენას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენადაც პირველადი პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანოს დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმისტული დღის წესრიგის გატარებაში. მსგავსი ძალისხმევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, იმ ფონზე როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა.

ეს დაკვირვებები განხილულ იქნა საქართველოს წარმომადგენლებთანაც 2022 წლის 24-25 მარტს გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ფარგლებში.

2021 წლის დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათლად იქნა აღნიშული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმებს, ფარგლებსა და ხარისხს, სხვა ასპექტებთან ერთად, სწორედ რეფორმების ტემპი და ხარისხი განსაზღვრავს. ევროპული კავშირის პირობითობის პრინციპი და ინცენტივებზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი მეტისთვის“, „ნაკლები ნაკლებისთვის“) სარგებელს აძლევს იმ პარტნიორებს, რომელიც ყველაზე მეტად ახორციელებენ რეფორმებს. ამას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარნტიორობის ფორუმზეც.

საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასიკეთოდ, ევროპული კავშირი განაგრძობს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას,“- წერს ბიორნ სეიბერტი.

ერთობლივი წერილი ოპოზიციური პარტიების სახელზე პარტიებმა გუშინ მიიღეს. გზავნილის ადრესატები ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები – გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა (გირჩი) ჯაფარიძე არიან.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა Google 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არის საპარლამენტო პარტია, ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციით შეიძლება უარის თქმა საპარლამენტო დელეგაციაზე