ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო – დეკემბერში საქართველოს შესახებ ანალიტიკურ ანგარიშს, 2023 წლის შემოდგომაზე კი გაფართოების პაკეტის ანგარიშს წარმოვადგენთ

დეკემბერში საქართველოს შესახებ ანალიტიკურ ანგარიშს, 2023 წლის შემოდგომაზე კი გაფართოების პაკეტის ანგარიშს წარმოვადგენთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა პიტერ სტანოს ჰკითხა, იქნება თუ არა დეკემბერში ანგარიში საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების შეფასებაზე.

„ნამდვილად, დეკემბერში ჩვენ წარმოვადგენთ ანალიტიკურ ანგარიშს და 2023 წლის შემოდგომას გაფართოების პაკეტის ანგარიშს“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

ამასთან, როგორც პიტერ სტანომ აღნიშნა, გაფართოების პაკეტი ყოველ წელს შემოდგომაზე ქვეყნდება, თუმცა პროცედურული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაფართოების პაკეტში ჩასმა მიმდინარე წელს შეუძლებელია.

„ევროპულმა საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, რომ ჩასვას უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ჩვეულებრივ, გაფართოების პაკეტი ყოველ წელს შემოდგომით ქვეყნდება, ხოლო ანგარიშის მომზადების პერიოდი იწყება გაზაფხულზე. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ლოგიკური მიზეზებით, პროცედურული მიზეზებით ამ სამი ქვეყნის გაფართოების პაკეტში ჩასმა მიმდინარე წელს შეუძლებელია. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკომისია წარადგენს ანალიტიკურ ანგარიშს, სადაც განხილული იქნება პრიორიტეტები, რომლებიც განისაზღვრა საქართველოსთვის“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი ბრიტანეთის მოქალაქე პოლი ურეი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება