ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ გეგმავს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენას. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.
პინიოს თქმით, ევროპამ კარგად გაიაზრა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების რეალური ფასი, რადგან მოსკოვმა ენერგორესურსები იარაღად გამოიყენა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში უკვე მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც რუსული გაზის იმპორტის აღდგენას კრძალავს.
ევროკომისიის ენერგეტიკის საკითხების პრესმდივანმა, ანა-კაისა იტკონენმა განმარტა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმა REPowerEU-ს გეგმითაა გათვალისწინებული და ის სანქციებსა თუ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე დამოკიდებული არ არის.
„ეს უკვე ძალაში შესული კანონმდებლობაა. იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება, ეტაპობრივად ვამცირებთ რუსულ ბუნებრივ და თხევად აირს ევროპულ ბაზარზე, ბოლო მიწოდებები კი მომდევნო წლის ბოლოს უნდა დასრულდეს“, — განაცხადა იტკონენმა.

















