ევროკომისიამ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნა

19 დეკემბერს ევროკომისიამ მოხსენება გამოქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის რვა ქვეყანასთან არსებულ უვიზო რეჟიმს შეეხება. ზოგადად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუცილებელია პირობების შესრულება, მაგრამ ამ ქვეყნებმა კორუფციას უნდა ებრძოლონ და არარეგულარული მიგრაცია უნდა მოაწესრიგონ.
ჩერნოგორიის, სერბეთის, მაკედონიის, ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2009-2010 წლებიდან აქვთ. მოლდოველებს – 2014 წლიდან, საქართველომ და უკრაინამ კი ასეთი შესაძლებლობა 2017 წელს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა სისტემის შეჩერების შესახებ კანონი იმ შემთხვევისათვის, თუკი ქვეყნები აუცილებელ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდნენ, ვერ მოაწესრიგებდნენ არარეგულარულ მიგრაციას და თავშესაფრის შესახებ მოთხოვნებს – “დოიჩე ველე” წერს.

ევროკავშირის მონაცემებით, საქართველოდან, სერბეთიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან არარეგულარული მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. 2017 წელს საქართველოს 2,5 ათას მოქალაქეს უთხრეს უარი გაერთიანებაში შესვლაზე. ასევე, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 9,5 ათასმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში.

გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ზემოთაღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულებებით. კერძოდ, საუბარია, კონტრაბანდაზე, მათ შორის, სიგარეტის, ნარკოტიკების, ასევე, ფულის გათეთრებაზე, ქურდობებზე. იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასგან კორუფციასთან ბრძოლაში ქმედით ნაბიჯებს ელოდება.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძეს 30-მდე დეპუტატი თავდებში უდგება – წერილობითი მიმართვა სასამართლოს
შემდეგი სტატიაიაპონიამ კურილის კუნძულებზე ყაზარმების მშენებლობა გააპროტესტა