ევროკომისია უნდა გაემიჯნოს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დოკუმენტს, ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ითხოვენ სააკაშვილ-გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტისადმი გავრცელებული წერილის შინაარსი შეათანხმა გუნდის წევრებთან.

„ჩვენ ერთმანეთში გვქონდა შეთანხმებული წერილის შინაარსი, საქმის კურსში ჩამაყენა პრემიერმა, როდესაც ეს წერილი იგზავნებოდა და გუნდი ჩააყენა ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ევროკომისია უნდა გაემიჯნოს იმ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დოკუმენტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ითხოვენ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას.

„რაც შეეხება წერილის არსს, კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად გავიმეორებ, ერთ მარტივ რამეზეა საუბარი, უნდა გაემიჯნოს ევროკომისია იმ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დოკუმენტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ითხოვენ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას; ამისგან გამიჯვნა ევროკომისიის მხრიდან იქნებოდა ძალიან პროდუქტიული პოლარიზაციის შემცირებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას უკავშირებს ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „კრედიტ სუისის“ მოქმედებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ზოგადად ძალიან ბევრი უცნაური მოვლენა ვითარდება ჩვენს გარშემო და ესეც ძალიან უცნაურია. რეალურად, „კრედიტ სუისს“ არაფერში არ უნდა აწყობდეს ის, რასაც აკეთებს; ბანკი თვითონ აზიანებს საკუთარ თავს ძალიან უხეში ფორმით და მძიმე ფორმით; ასევე აზიანებს შვეიცარიის საბანკო სისტემას, რაც ნიშნავს შვეიცარიის სახელმწიფოსთვის სერიოზული ზიანის მიყენებას. რატომ შეიძლება, უღირდეთ მათ ამის გაკეთება ეს ჩვენ არ ვიცით და აქ ეჭვები შეიძლება, გაჩნდეს; თუმცა ამ ეჭვებში მე ვერ შევალ. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით რა ვითარებაც არის, რა მოვლენებიც ვითარდება, რისი მცდელობაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რა ჩაიდო და რატომ ჩაიდო ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ამაზე გვაქვს ბუნებრივია, შეკითხვები; შეიძლება, რაღაც კონკრეტული ინტერესი იყოს ჩვენ მიმართ; შეიძლება, რაღაც კონკრეტული ინტერესი იყოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ თემაში უფრო ღრმად შეგნებულად ჩვენ არ შევალთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა დეოლიგარქიზაციის საკითხზე. მისი თქმით,​ დეოლიგარქიზაცია არის ზოგადი ტერმინი და გულისხმობს იმას, რომ ოლიგარქებისგან გათავისუფლდეს პოლიტიკა.

„ჩვენს შემთხვევაში, არის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, როდესაც ოლიგარქები ერევიან ქართულ პოლიტიკაში და მედიაში, ეს არის კეზერაშვილი, ხაზარაძე, სააკაშვილი და ა.შ. ეს არის ობიექტური მოცემულობა. აქ ხომ ობიექტურ ჭეშმარიტებაზეა საუბარი. მე მგონია, რომ ჩვენი ობიექტური მეგობრები გულისხმობენ ობიექტურ ჭეშმარიტებას; მე ასე მგონია, ობიექტური ჭეშმარიტება არის ის, რაც დასტურდება ფაქტებით. ფაქტებით მტკიცდება და დასტურდება ის, რომ ეს ადამიანები არიან ჩართული პირდაპირ პოლიტიკაში და ისინი არიან ოლიგარქები, კეზერაშვილი, ხაზარაძე, სააკაშვილი და სხვები; რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აქ არის ნული ფაქტი, ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება. მე მგონია, რომ ევროკავშირი ხელმძღვანელობს ხოლმე ობიექტური ჭეშმარიტებით, როდესაც მოგვიწოდებს რაღაცისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპარლამენტარების ნაწილის მოწოდებაზე, რომელმაც მოუწოდა სააპელაციო სასამართლოს, რომ შეეცვალა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი განცხადება, პირდაპირ ასე ვიტყოდი. მაგალითად, ერთ-ერთი გერმანელი ევროპარლამენტარი პირდაპირ მოუწოდებდა სააპელაციო სასამართლოს, რომ შეცვალოს გვარამიასთან დაკავშირებით განაჩენი, რაც არის კატასტროფა; პირდაპირ ასე ვიტყოდი და რაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, პრინციპში, ამის გამეორება, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მიმართ, ეს არის ძალიან მძიმე ნიშნები, რაზეც ქვეყანას ბუნებრივია სჭირდება პასუხების მიღება. თუ ასეთი ერთია საჯაროდ ჩარევა, მეორე არის ფარული ჩარევა, საჯარო ჩარევასთან ერთად თუ ხორციელდება ფარული ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ეს არის ბუნებრივია უმძიმესი და ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ; მათ შორის, ჩვენ შეიძლება, არ გამოვრიცხოთ თუნდაც შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა იმისათვის, რომ მომავალში ეს იყოს აბსოლუტური ფორმით დაზღვეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხზე, ამერიკის ელჩმა უნდა გააკეთოს თუ არა განმარტება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ ამას სჭირდება ძალიან ცხადი და მკაფიო პასუხი.

„ზოგადად, ფაქტი არის ძალიან მძიმე, როდესაც გამოდის მოსამართლე და პირდაპირ ხელს ადებს საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს, ერთ-ერთ დიპლომატს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ერეოდა ელჩის სახელით. სასამართლოს დამოუკიდებლობაში ძალიან უხეშ ჩარევაზეა საუბარი – ერთი, რომ ანგარიშს სთხოვს კონკრეტულ საქმეზე და მერე, სჯის და უკრძალავს კონკრეტული ვიზიტის განხორციელებას. ეს არის ძალიან უხეში და უმძიმესი ჩარევა. როდესაც ასეთი კონკრეტული ბრალდება ისმის მოსამართლის მხრიდან, ამას სჭირდება ძალიან ცხადი და მკაფიო პასუხი და არა გვერდის ავლა კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმახსენდება ჩერგოლეიშვილის განცხადებები, რა ფორმით ერევა კეზერაშვილი პოლიტიკაში – კობახიძე
შემდეგი სტატიაევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა თავიდან აიცილონ მოგვიანებით უფრო მკაცრი ზომების დაწესება – კლუგე