პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს.
გადაწყვეტილება 23 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა. მისი განცხადებით, სანქცირებულები მონაწილეობდნენ ამერიკული ონლაინპლატფორმების იძულებით ცენზურაში, დემონეტიზაციასა და აშშ-ისთვის მიუღებელი მოსაზრებების ჩახშობაში.
რუბიოს შეფასებით, აღნიშნულმა პირებმა და ორგანიზაციებმა ხელი შეუწყვეს უცხოეთის სახელმწიფოების მხრიდან ამერიკელი სპიკერებისა და კომპანიების წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, რამაც შესაძლოა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
ტიერი ბრეტონი იყო ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის (DSA) ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. სწორედ ამ კანონის საფუძველზე ევროკომისიამ დეკემბერში სოციალური პლატფორმა X 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. პლატფორმის მფლობელია მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეა.
აშშ-ში შესვლის აკრძალვას ბრეტონმა სოციალურ ქსელ X-ში „მაკარტის ეპოქის დაბრუნება“ უწოდა და განაცხადა, რომ ცენზურა იქ არ არის, სადაც ვაშინგტონი მას ხედავს.
სანქცირებულთა შორის არიან ასევე CCDH-ის ხელმძღვანელი იმრან აჰმედი, Global Disinformation Index-ის დამფუძნებელი კლერ მელფორდი და გერმანული ორგანიზაცია HateAid-ის წარმომადგენლები. მათ სანქციებს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად და ევროპული სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენებად აფასებენ.



















