ევროკომისარი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ასახელებს

ევროკომისარი უსაფრთხოების საკითხებში ჯულიან კინგი რუსული პროპაგანდის შესახებ საუბრობს. გერმანულ გამოცემა Die Welt-ში გამოქვეყნებულ წერილში ამ თემაზე საუბრისას, მან საქართველოს შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც მოიტანა მაგალითად.

კინგის თქმით, ბრიუსელში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ხელისუფლება მიზანმიმართულ კამპანიას ატარებს, რომლის სამიზნეც დასავლური დემოკრატიაა. კინგის თქმით, ინტერნეტში ამ ბრძოლის ახალი ფრონტის ხაზი გადის.

„თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ცბიერ, ოსტატურად ორკესტრირებულ და რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციულ კამპანიასთან. რუსმა სამხედროებმა ინტერნეტში ახალი ფრონტის ხაზი გახსნეს და ახალ იარაღად ცრუ ინფორმაციას ოსტატურად იყენებენ. გავრცელებული ცნობები, თითქოს ევროკავშირი საქართველოში ინცესტის შემთხვევებს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს და უგულებელყოფს – რუსული პროპაგანდის ერთი მაგალითია“, – წერს ევროკომისარი.

თუმცა მისივე თქმით, კრემლი არ არის ერთადერთი, ვინც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ევროკომისრის განცხადებით, შარშან ზაფხულში ამერიკულმა მემარჯვენე ვებგვერდმა Breitbart-მა გაავრცელა ცნობა, რომ ათასობით ადამიანმა, რომელთაც “ალ ქაიდას” დროშები ეჭირათ, დორტმუნდში მეჩეთი დაწვეს, რაც ასევე იყო დეზინფორმაცია.

მისივე თქმით, ევროკომისია უფრო აქტიურად უნდა ებრძოდეს დეზინფორმაციას.

„აუცილებელია, ყველა ასაკის მომხმარებლის მედია განათლების ხარისხის გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ ონლაინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი. ჩვენ თავად არ უნდა ვიქცეთ იმ ადამიანების თანამზრახველებად, ვინც დემოკრატიულ სისტემას ებრძვის“, – წერს ევროკომისარი.

ჯულიან კინგი საფრთხედ მიიჩნევს ჰაკერულ თავდასხმებს, კომპიუტერული ვირუსების გავრცელებას, ტერორიზმის ონლაინ პროპაგანდას, ცრუ ინფორმაციით საზოგადობრივი აზრით მანიპულირების მცდელობას და დასავლური ღია სისტემის ისეთ იარაღად გადაქცევას, რომელითაც თავად დემოკრატიას ებრძვიან.

ევროკომისარი თავის წერილში კონკრეტული ინიციატივებით გამოდის, თუმცა მთავარ ამოცანად ინტერნეტის მომხმარებელთა კომპეტენტურობის ხარისხის გაზრდას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშითამბაქო გაძვირდა
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმმა ახალი რეგულაციები აამოქმედა და ახალგორში ე. წ. საბაჟო პუნქტი გახსნა