ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი 6-9 ივლისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი 6-9 ივლისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ეს ევროკომისრის პირველი ვიზიტი იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.

აღნიშნული ვიზიტი 2 ივლისს ევროკომისიის მიერ მიღებული ინიციატივის გაგრძელებაა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობებთან, ბიზნესებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს ევროკომისარი წარადგენს რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, ასევე მის ფლაგმანურ ინიციატივებს კონკრეტული სახელმწიფოების მიხედვით.

ვარჰეი აგრეთვე განიხილავს ევროკავშირსა და ხსენებულ სამ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. ევროკომისარი დაადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას პარტნიორი ქვეყნების მიმართ კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოში ვიზიტისას, ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.

აზერბაიჯანში ვიზიტისას, ევროკომისარი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სამირ ნურიევს, ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვს და ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვს.

სომხეთში ვიზიტისას, ოლივერ ვარჰელი შეხვდება პრეზიდენტ არმენ სარქისიანს, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს, ვიცე-პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელ მჰერ გრიგორიანს, აგრეთვე პატრიარქ გარეგინ II-ს.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა უვადო მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა