ევროკომისარი ბრუნერი: საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა ძალიან საგანგაშოა

“უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებითა და დაკავებებით დახვდნენ.

საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარები სრულიად მიუღებელია.

ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არც ერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა.

მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში”, – განაცხადა ბრუნერმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მსოფლიო იწყებს გამოფხიზლებას და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ მისი დამსახურებული ადგილი კვლავ დაიკავოს
შემდეგი სტატიამალგორზატა გოშიევსკა: ჩვენ, ევროპარლამენტი, გვერდზე არ უნდა გავდგეთ, უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ